სარაკეტო-კოსმოსური ტექნიკის სოლოლაკელი გენიოსი-ვახტან ვაჩნაძე
სარაკეტო-კოსმოსური წარმოების დიდი ორგანიზატორის,
ჩვენი თანამემამულის ვახტანგ დიმიტრის ძე ვაჩნაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ბიოგრაფია
უცნობი იყო დიდი ხნის განმავლობაში არა მხოლოდ მისი თანამემამულეებისთვის, არამედ ბევრი
სხვისთვისაც.
ვახტანგ ვაჩნაძის ცხოვრების ისტორია - ეს არის კოსმოსის
დაპყრობისა და ათვისების ისტორია, სარაკეტო-კოსმოსური ტექნიკის ჩამოყალიბებისა და შექმნის
ისტორია. გასული საუკუნის ორმოცდაათიანი წლებიდან მოყოლებული, სერგეი კოროლიოვის ცხოვრების
უკანასკნელ დღეებამდე ვახტანგ ვაჩნაძე იყო მისი ერთგული მოწაფე, მისი თანამოაზრე და
მეგობარი. ჩვენი თანამემამულე გახლდათ სსრ კავშირის, შემდეგ კი რუსეთის ფედერაციის
გამოჩენილი მთავარი კონსტრუქტორების თვალსაჩინო პლეადის უახლოესი თანამებრძოლი.
უცნობსაც კი გააოცებს ვახტანგ ვაჩნაძის ჯილდოებისა
და წოდებათა უბრალო ჩამონათვალი. ესაა - ლენინის, ოქტომბრის რევოლუციის, შრომის წითელი
დროშის, "საპატიო ნიშნის" ორდენები, რუსეთის ფედერაციის წმინდა მთავრის ალექსანდრე
ნეველის ორდენი, უამრავი მედალი. ის დაჯილდოებულია კოსმონავტიკაში კ.ე. ციოლკოვსკის,
ს.პ. კოროლიოვისა და ი.ა.გაგარინის ოქროს წარჩინების ნიშნებით, მინიჭებული აქვს ლენინური
და სახელმწიფო პრემიები, არჩეულია რუსეთის კ.ე.ციოლკოვსკის სახელობის კოსმონავტიკის
აკადემიის ნამდვილ წევრად, ქალაქ კოროლიოვის საპატიო მოქალაქედ... მისი ტიტულების,
წოდებების, ჯილდოების სია კიდევ შეიძლება დიდხანს გავაგრძელოთ.
რა ფესვები ასაზრდოებდა სარაკეტო-კოსმოსური სისტემების
წარმოების გამოჩენილი ორგანიზატორის ასეთ ძლიერ გენს.
ვახტანგ ვაჩნაძე - კახეთის სახელოვანი თავადური გვარის
შთამომავალია. მისი პაპა გიორგი ვაჩნაძე, მეფის არმიის პოლკოვნიკი, ოცი წელი მსახურობდა
ამ არმიაში, საქართველოში დაბრუნდა რუსეთ-იაპონიის ომის შემდეგ 1906 წელს. ვახტანგის ბებია ანა ჩერქეზიშვილი იყო
მომხიბლავი თავადის ასული კახეთის სოფელ თოხლიაურიდან.
სამხედრო კარიერა აირჩია ვახტანგის მამამ დიმიტრი
ვაჩნაძემაც, რომელიც მოსკოვში საფრენოსნო სკოლის დამთავრების შემდეგ ბელორუსიის ქალაქ
ბობრუისკში განამწესეს. იქ შექმნა მან ოჯახი და 1929 წელს გაუჩნდა პირველი ვაჟიშვილი,
რომელსაც ვახტანგი დაარქვეს. ორი წლის შემდეგ ვახტანგის მამა თბილისში გადმოიყვანეს,
სადაც საფრენოსნო ქვედანაყოფებში მსახურობდა. დიდი სამამულო ომის პირველი დღეებიდანვე
დიმიტრი ვაჩნაძე ფრონტზეა, თვითმფრინავებით შემოუფრინა ლამის მთელ ნახევარ ევროპას,
მაგრამ გამარჯვებამდე ათი დღით ადრე მის თვითმფრინავს ქ.შჩეცინის აეროდრომზე დაშვების
დროს გერმანელებმა ცეცხლი გაუხსნეს და თბილისში ინვალიდი დაბრუნდა.
დ.ვაჩნაძის ხელმოკლე ოჯახი ცხოვრობდა სოლოლაკში,
ჭონქაძის ქუჩის # 13-ში. ვახტანგი სწავლობდა თბილისის 45-ე სკოლაში.სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა, რამაც საშუალება მისცა
ესწავლა ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებელში.
იმავდროულად იყო კარგი ფეხბურთელი, მშვენივრად უკრავდა
ფორტეპიანოზე (ვახტანგმა ერთდროულად დაამთავრა მუსიკალური სკოლაც). დავით ვაჩნაძის
ოჯახი გაჭირვებით ცხოვრობდა და იმაზე, რომ ვახტანგს სწავლა გაეგრძელებინა მოსკოვში,
რაზეც მამამისი ოცნებობდა, ფიქრიც ზედმეტი იყო.
ერთხელ ვახტანგს მამამ უჩვენა გაზეთის ამონაჭერი,
რომელშიც ნათქვამი იყო, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოეწყობა გამოცდები
მოსკოვში ახლად გახსნილ ფიზიკო-ტექნიკურ ინსტიტუტში ჩასარიცხად. მედალოსნებისთვის საკმარისი
იყო გამოცდების ჩაბარება მათემატიკასა და ფიზიკაში. საბუთები შეიტანა. აბიტურიენტებისგან
გამოცდებს იბარებდნენ ჩვენი სახელოვანი მეცნიერები ნიკოლოზ მუსხელიშვილი და ილია ვეკუა.
მოსკოვში სწავლის მსურველი 300 ახალგაზრდა იყო. გამოცდები გვიან ღამემდე გაგრძელდა.
ვახტანგმა წარმოაჩინა ბრწყინვალე ცოდნა მათემატიკასა და ფიზიკაში.
გაუმართლა მხოლოდ 11 ახალგაზრდას. მოსკოვში 11-ვე
ახალგაზრდის გამგზავრების ხარჯები მთავრობამ გადაიხადა. მოსკოვში კურსკის ვაგზალზე
მათ საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის თანამშრომლები დახვდნენ.
საქართველოს წარმომადგენლებს ესაუბრა ცნობილი რუსი
მეცნიერი ლევ ლანდაუ. მაგრამ მალე გაირკვა, რომ ინსტიტუტი ჯერ კიდევ არ იყო მზად პირველი
სტუდენტების მისაღებად. და აქ ვახტანგს გაახსენდა მამის ძველი ოცნება და შევიდა მოსკოვის
საავიაციო ინსტიტუტში, სახელგანთქმულ "მაიში", ძრავამშენებლობის ფაკულტეტზე.
ამის მიუხედავად, რჩებოდა საქართველოს მინისტრთა საბჭოს "კმაყოფაზე" მესამე
კურსამდე და საინსტიტუტო სტიპენდიის დამატებით ღებულობდა 500 მანეთს სემესტრში. ყველაზე
მეტად გახარებული იყო მამა, რომელიც წლების შემდეგ მოწმე გახდა თავისი უფროსი შვილის
დიდებისა. აქვე ვიტყვით, რომ ბატონი დიმიტრი 1962 წელს გარდაიცვალა, თავის სახლში,
ჭონქაძის # 13-ში. მართალია, ბოლოს სიარული აღარ შეეძლო, მაგრამ რჩებოდა მეტად აქტიურ
პიროვნებად, პიესებს თარგმნიდა ქართული თეატრებისთვის. ორი-სამი წლის შემდეგ საქართველოს
მთავრობამ უკვე ცნობილი ვახტანგ ვაჩნაძის დედას გამოუყო ახალი ერთოთახიანი ბინა საბურთალოზე,
სადაც თავისი შვილების წარმატებით ამაყი და ბედნიერი გარდაიცვალა 80-იან წლებში. მისი
უმცროსი შვილი, ოგი მრავალი წლის განმავლობაში ნაყოფიერად მუშაობდა
წამყვან კონსტრუქტორად ქალაქ კოროლიოვში. გიორგი ვაჩნაძე გახლავთ მაღალი კლასის სპეციალისტი
კოსმოსური აპარატების დედამიწაზე დაბრუნების დარგში.
ვახტანგს ჰყავს ორი ქალიშვილი (ისინი საერთაშორისო
ეკონომიკის სპეციალისტები არიან), აგრეთვე ერთი შვილიშვილი. ყველამ შესანიშნავად იცის
ქართული, კარგად იცნობენ საქართველოს, ყველა აქაური მოვლენის საქმის კურსში არიან.
... ჯერ კიდევ 1946 წელს ი.ბ.სტალინმა ხელი მოაწერა
დადგენილებას საბჭოთა სარაკეტო ტექნიკის შექმნისა და ს.პ.კოროლიოვის შორი მოქმედების
ბალისტიკური რაკეტების სამმართველოს მთავარ კონსტრუქტორად დანიშვნის შესახებ. ფაქტობრივად,
ის გახდა გრანდიოზული, მსოფლიოში სამუშაოთა კომპლექსის სირთულით ჯერ არნახული პროექტის
ხელმძღვანელი, ორგანიზატორი და კოორდინატორი.
და აი, 1953 წელს, მოსკოვის საავიაციო ინსტიტუტის
დამთავრების შემდეგ ვახტანგ ვაჩნაძე თავის შრომით საქმიანობას იწყებს სახელგანთქმულ
კოროლიოვის "ცალკე საკონსტრუქტორო ბიურო-1"-ში. ახალგაზრდა ქართველმა სპეციალისტმა
მალე მიიპყრო თავად ს.პ.კოროლიოვის ყურადღება, რომელმაც ვახტანგ ვაჩნაძის ნიჭი, ცოდნა
და არაორდინარული აზროვნება მოულოდნელი მიმართულებით გამოიყენა, შემდეგ კი ჩართო სახელგანთქმული
რაკეტა "რ-7"-ის თხევადი სარაკეტო ძრავის - კოროლიოვის პირმშოს შექმნაში.
ამ სამუშაოსთვის 27 წლის ვახტანგ ვაჩნაძემ 1956 წელს მიიღო თავისი პირველი ჯილდო -
"საპატიო ნიშნის" ორდენი. სწორედ ეს რაკეტები უზრუნველყოფდნენ იმ წლებში
მოსკოვის საჰაერო თავდაცვას.
1957 წლის 4 ოქტომბერს სსრ კავშირში დედამიწის გარე
ორბიტაზე გაიყვანეს დედამიწის ხელოვნური თანამგზავრი, რასაც დიდი რეზონანსი ჰქონდა
მსოფლიოში. ვახტანგ ვაჩნაძემ მიიღო ახალი ჯილდო - შრომის წითელი დროშის ორდენი. კოსმოსური
აპარატის "მთვარე-3"-ის მომზადებასა და გაშვებაში მონაწილეობისთვის კი, რის
შედეგადაც მსოფლიოში პირველად მიიღეს მთვარის უკანა მხარის სურათები, 1960 წელს ვახტანგ
ვაჩნაძეს ლენინური პრემია მიენიჭა. მაშინ ის ოცდაათი წლისაც არ იყო! მისი წარსადგენი
დახასიათება პირადად გაასწორა და ხელი მოაწერა თავად კოროლიოვმა. 1961 წლის 12 აპრილს
იური გაგარინი გაფრინდა კოსმოსში, რითაც დაიწყო ახალი ერა კოსმოსის ათვისებაში. რამდენი
უძილო ღამე, განგაში და, რასაკვირველია, ბედნიერება შესრულებული მოვალეობის გამო ახლდა
ყოველივე ამას თან...
სხვათა შორის, ერთი საინტერესო დეტალი. იური გაგარინის
გაფრენის შემდეგ ვახტანგ ვაჩნაძემ, იმ დროისათვის უკვე მკაცრად გასაიდუმლოებულმა, რამდენიმე
დღით მოახერხა მშობლიურ თბილისში ჩამოსვლა, რითაც დიდად გაახარა მონატრებული მშობლები,
ფოტოატელიეში რუსთაველის პროსპექტზე კი გადაიღო ფოტოსურათი ლენინური პრემიის ნიშნით.
1974 წელს ვახტანგ ვაჩნაძე გადაჰყავთ საერთო მანქანათმშენებლობის
სამინისტროში და ნიშნავენ კოლეგიის წევრად და მთავარი სამმართველოს უფროსად, რომელიც
პასუხისმგებელი იყო ყველა საბჭოთა კოსმოსურ პროგრამაზე, საპილოტო გაფრენებზე, დაზვერვის
თანამგზავრებზე, ტელევიზიაზე, ნავიგაციაზე.
იმ თანამდებობათა ჩამონათვალი, სადაც ჩვენს თანამემამულეს
უმუშავნია, ნაკეთობათა დასახელება, რომლებიც იქმნებოდა მისი მონაწილეობითა და უშუალო
ხელმძღვანელობით - ეს არის პრაქტიკულად საბჭოთა და რუსეთის ფედერაციის სარაკეტო-კოსმოსური
ტექნიკის მთელი სტრუქტურისა და თემატიკის სია. 27 წლისა ის იყო საამქროს უფროსი,
45 წლისა - მთავარი სამმართველოს უფროსი, 48 წლისა - დაბრუნდა საწარმოში - სამეცნიერო-საწარმოო
გაერთიანება "ენერგიის" გენერალურ დირექტორად.
სსრ კავშირის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ ვახტანგ
ვაჩნაძის, როგორც წარმოების მუშაკისა და ხელმძღვანელის უზარმაზარი გამოცდილების, მისი
ადამიანური თვისებების გათვალისწინებით, რომელიც დეტალურად იცნობდა წარმოებას ჩარხიდან
დაწყებული პროდუქციამდე, კოსმოსში რომ იგზავნებოდა, ვისაც უყვარდა და პატივს სცემდა
თავის სამუშაოს, ერთსულოვნად დაამტკიცა იგი ამ პასუხსაგებ თანამდებობაზე. ვახტანგ ვაჩნაძე
15 წლის განმავლობაში - 1977-დან 1991 წლამდე - ხელმძღვანელობდა მსოფლიოში უდიდეს გაერთიანებას,
რომელშიც შედიოდა კოსმოსური ტექნიკის 1200-მდე საწარმო და ორგანიზაცია, სადაც შრომობდა
56 ათასზე მეტი კაცი . და თანაც ერთობ რთულ დროს, როდესაც სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება
"ენერგია" მუშაობდა ერთბაშად ორი ფართომასშტაბიანი პროგრამით: ორბიტალურ
სადგურ "მირზე" და მრავალჯერად კოსმოსურ სატრანსპორტო სისტემა "ენერგია-ბურანზე".
პროგრამა "მირში" მონაწილეობისთვის ვახტანგ ვაჩნაძეს 1989 წელს მიენიჭა სახელმწიფო
პრემია. სისტემა "ენერგია-ბურანს", თავის პირმშოს, ვახტანგ ვაჩნაძე დღემდე
თავისი ცხოვრების მთავარ საქმედ მიიჩნევს ...
თავისი ასაკის მიუხედავად, ბატონი ვახტანგი დასვენებაზე
არც ფიქრობს: 1991 წლიდან, როდესაც სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება "ენერგიის"
გენერალური დირექტორის თანამდებობა დატოვა, შრომობს იქ სამეცნიერო კონსულტანტად, თუმცა
დღეს ამ გაერთიანებას სხვა სახელი - ს.პ.კოროლიოვის სახელობის სარაკეტო-კოსმოსური კორპორაცია
"ენერგია" ჰქვია.
ვახტანგ ვაჩნაძე მრავალგზის იყო არჩეული კალინინგრადის
(ამჟამად ქ.კოროლიოვის) საქალაქო საბჭოს დეპუტატატ, 1977-დან 1991 წლამდე იყო მოსკოვის
სახალხო დეპუტატთა საოლქო საბჭოს დეპუტატი და ქ.კალინინგრადის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე...
დღეს ბატონი ვახტანგი არის აგრეთვე ტექნიკის განვითარების
სარაკეტო-კოსმოსური კორპორაცია "ენერგიისთვის" კადრების მომზადების ცენტრის
შექმნის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე. 81 წლის ბატონი ვახტანგი დარწმუნებულია,
რომ ადამიანი ვალდებულია იყოს სასარგებლო საზოგადოებისთვის, მხოლოდ მაშინ, ბუნებისა
და ყოფის ჩვენთვის უცნობი კანონებით, რჩება იგი დედამიწაზე.
ჩვენს სახელგანთქმულ თანამემამულეს, ვინც ამდენი
რამ გააკეთა კაცობრიობის პროგრესისთვის, უყვარს თავისი მასწავლებლისა და თანამებრძოლის
ს.პ.კოროლიოვის სიტყვების გახსენება იმის შესახებ, რომ "კოსმოსი სიცარიელე როდია.
იქ არის ენერგიის უზარმაზარი მარაგი. მეცნიერებს მხოლოდ მიაჩნიათ, რომ ეს ენერგია იქ
არის. იქ არის გამოსხივების ყველა სახეობა, იქ არის დედამიწის ამინდის სამზარეულო და
იქ არის ბევრი, ბევრი მოვლენა, რომლებსაც ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ". აი რატომ არის
საჭირო, რომ კაცობრიობამ იმოქმედოს, ქმნიდეს, ანვითარებდეს მეცნიერებას...
Комментариев нет:
Отправить комментарий